Monday, September 29, 2008

იმის მემილიარდედი რისი თქმაც მინდოდა...

რა არი მაინც ცხოვრება... ხან გაივლის, ხან გამოივლის, თუ მოეპრიანა გადაგივლის და გადმოგივლის. რამდენი ხანი უნდება ადამიანი იმის გაგებას, თუ რისთვის მოვიდა, არადა ყოველთვის იცის საით მიდის...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ... არა ეს ტანჯვა არ იყო. ყველაფერი ჯერ ძიებას, შემდეგ შეცნობას გავდა და ბოლოს საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით გაჯერებულ უმნიშვნელო არსებობად იქცა. გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება, სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო, წარსული, რომელიც გაქვავდა, აწმყო, რომელიც არ იბადებოდა და მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა...


გითხრა, რომ მინდა ვიცოდე როგორ და საიდან? არასოდეს! რისთვის, თორე ჰო. საკვირველად ერთი მრჩება მხოლოდ. რატომაა ახლა ისეთი ლამაზი, როგორიც არასოდეს იქნებოდა...


მახსოვს კი, იყო ასეთი დღე, წვიმდა...
ვერ გეტყვი იმ დღეს რა მოხდა და ვერ დამადანაშაულებ. არც შენ იცი.
დაბადების არ მეშინოდა, არც გათბობის, სილამაზის, გრძნობის. შენს იმდღევანდელ ნათელ სახეს გეფიცები, არც ტანჯვის მოლოდინი მთრგუნავდა და არც სიზმრიდან გამოღვიძების. ელვის სისწრაფით ირეცხებოდა გონიდან ყველაფერი, რაც იყო და წამებში მოშუშებული გული ახალი, მშვიდი სიგიჟით ივსებოდა.
არასოდეს მტკენია მარტოობა ისე, როგორც მაშინ, როცა ღამემ ის საღამო წარსულს აჩუქა...


რა ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე სამყაროში, რომელსაც უკვე აღარ ვეძებდი, რაც ჩემი გული იქცა სილამაზისა და სითბოს ბუდედ, სადაც ციცქნა მწვანე ჭიამაია ბინადრობს. რა მცირე ხანია რაც დავიბადე, სულ რაღაც სამი თვის ვარ...


რამდენი სისულელის თქმა მინდა ახლა, რამდენი სიგიჟის ჩადენა... დღემდე არასოდეს უთქვამთ სიტყვებს ჩემთვის უარი. მებრძვიან და მიბიძგებენ რომ მხოლოდ ერთი მათგანი გითხრა, ერთადერთი. არადა არ მყოფნის, მილიარდი სიტყვაც კი არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც მთელ არსებაში ტრიალებს, რასაც სული გრძნობს და რისთვისაც გული ცემს...
როგორ მინდა ხოლმე თვალებში წაიკითხო, ყური მკერდზე დამადო და გულისცემიდან შეისმინო.
არადა ხომ გტკივა? ვიცი რომ გტკივა და ათასმაგად მტკივნეულია ჩემთვის შენი ტკივილი, ვიდრე ის, რასაც მონატრებას ვეძახით და რაც უფრო მეტია ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი...


მაკლიხარ, მაკლიხარ ისე როგორც არასდროს. მინდა თვალი აგიხვიო, გაგიტაცო და მხოლოდ მაშინ გაღირსო სინათლე, როცა ბზით გარშემორტყმულნი აღმოვჩნდებით. მინდა ბედნიერებით ანთებული თვალები დაგიკოცნო, შემდეგ ფარხმალი დავყარო სიტყვებთან ბრძოლაში და უკვე ალბათ მეათასედ, მაგრამ ყველაზე უფრო ლამაზად გითხრა "მიყვარხარ"...


რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ

- და აღარ მახსოვს...
წარსული, რომელიც გაქვავდა

- გატყდა
აწმყო, რომელიც არ იბადებოდა

- დაიბადა
მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა

- გამოფხიზლდა და ამოძრავდა
სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო

- ადუღებულ, ახდენილი და ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებებით სავსე ცხოვრებად იქცა და
გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება

- მზესუმზირების ველზე გადებულ სიყვარულით სავსე ბილიკად გადაიშალა, რომლის ბოლოს კიდევ გხედავთ შენც და ჩემს თავსაც, დაბერებულებს, გათეთრებულებს და ისევ გიჟურად შეყვარებულებს. რა თბილად მიღიმი როცა აკანკალებული ხელით ლოყაზე გეფერები და ჟამთასვლისგან დანაოჭებულ თვალის კუთხეებს გიკოცნი. როგორ მყვარებიხარ მთელი ცხოვრება...


© 2007 ბეთხოვენა







ისტორია:
ეს ჯერ კიდევ შეყვარებულობანას პერიოდში მომიძღვნა ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და უცვლელად მინდა დავდო აქ ჩემთვის ძალიან ძვირფასი წერილი.
იმედის ფორუმზე, რომელიც დღეს უკვე ბუნებაში აღარ არსებობს, მთელი ტოპიკი დაუთმო ამ წერილს. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი იმ წუთებში როცა ვკითხულობდი, ეხლაც ვარ, უბრალოდ მაშინ ძალიან იმოქმედა, უდიდესი ეფექტი მოახდინა და ფაქტობრივად გარკვეული ზეგავლენაც კი იქონია.
როგორ აღმოჩნდა ეს წერილი ჩემ ბლოგზე უცვლელი სახით?
შევინახე!
დიდი სისათუთით ვინახავდი, დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა,მაგრამ დღეს რატომღაც ძალიან მომინდა გამომექვეყნებინა.


იმედია არ მიწყენ.
მეც მიყვარხარ ბუს!

10 comments:

  1. მახსოვს ეს თემა : ) სვიიით : )
    ოა წეღან ბლოგი ამერია და სხვისთვის განკუთვნილი კომენტარი შემომეკომენტარა :უსერ:

    ReplyDelete
  2. ასეთი რამ ჩემთვის რომ ეთქვა ვინმეს, მეც მივთხოვდებოდი დაუფიქრებლად :”>

    უნამუსო ვიყო, თუ არა :s

    ReplyDelete
  3. ))

    სანამ მივხვდებოდი რომ ბეთხოვენას წერილია, პირველი აბზაცის წაკითხვისას, ვიფიქრე მეთქი მირამ ძიაჩემივით დაიწყო წერა თქო )))))

    მე ვამაყობ რომ ასეთი ძია მყავს :დიაღ: :იეს: :)

    ReplyDelete
  4. wow, ძალიან შთამბეჭდავია! კარგი ვინმე გიპოვია თუ უპოვიხარ...ადამიანი ასე რომ გრძნობს ყველაფერს, დიდი ბედნიერებაა :) გაიხარეთ!

    ReplyDelete
  5. აუ, აი იცი მირ...
    თავიდან ბოლომდე წავიკითხე...
    მერე ქოფირაითი რომ დავინახე,სქროლი ავწიე და თავიდან წავიკითხე უკვე ბეთხოვნას წარმოდგენისას...

    დიდი ბედნიერებაა, ასეთი ადამიანი რომ გყავს...
    საერთოდ მე ალბათ წინა ეპოქაში ჩარჩენილიც ვარ ალბათ იმ მხრივ, რომ
    ვგიჟდები წერილებზე...
    საერთოდ წერა მიყვარს და დაწერილი აქედან გამომდინარე...
    მიყვარხარ, მირ, და სამივეს დიდ სიხარულს გისურვებთ. :* :* :* :* :* :* :*

    ReplyDelete
  6. Anonymous6:10 AM

    როგორი თბილი წერილია! სიყვარულით სავსე...
    მიყავრს, ასეთ წყვილებს რომ აღმოვაჩენ ხოლმე...

    პ.ს.
    იცი, დოდის ბლოგზე მხოლოდ ახლა ვნახე შენი კომენტი (ჩემს შესახებ დავსირჩე გუგლში და ესეც ამოაგდო:) ), რომ მოგვარეები ვართ მე და შენი ნახევარი! :)))

    ReplyDelete
  7. დიდი მადლობა თბლი სიტყვებისთვის საყვარლებო :)

    keti - ხო გზირიშვილია ჩემი მეორე ნახევარიც :) შენ ბლოგზეც დავდივართ ხოლმე ორივე :)

    ReplyDelete
  8. Anonymous11:53 AM

    welcome :)
    მიხარია :)

    ReplyDelete
  9. არაჩვეულებრივია
    :)
    :)


    ბრავო

    : )

    ReplyDelete
  10. Anonymous1:12 PM

    Mira

    ვბღავივარ :D

    ReplyDelete