Tuesday, February 13, 2007

უკან



უბრალოდ პატარა ისტორია მინდა მოვყვე, წუხელ გამახსენდა და უნდა დავწერო.

ბავშვობაში, დიდედა და პაპა ცოცხლები რო იყვნენ, უკვე მოხუცები მაგრამ მაინც მხნედ რომ ისხდნენ შვილიშვილებისთვის ზღაპრები და ათასი ისტორია რომ მოეყოლათ. ისტორიები ბოროტი ჭინკებით, ულამაზესი, მაცდური ალებით და მათ მიერ ნაწვალები ცხენებით დაწყებული ერთ დიდ და ლამაზ ქართულ ზღაპრამდე დამთავრებული.

თვალზე შელოცვა იცოდა თამარა ბებიამ.
შიშზეც იცოდა, მარა მე არაფრის არ მეშინოდა ხოლმე, ამიტომ სიტყვები ძირითადად არ მახსოვს იმის.
თვალის ლოცვის ერთი სტროფი ვიცი, სტროფი კი არა, მონაკვეთი:
აშინაო, მაშინაო,
გულო რამ შეგაშინაო...

გაიარე ეზო,
მოგტყდა თეძო...

შელოცვისას თამარა ბებია სულ ამთქნარებდა ხოლმე.
სულ მეშინოდა ჩემზე არ ჩასძინებოდა.
და მთქნარების დროს პირში ვუყურებდი ხოლმე, რატო ამთქნარებდა სულ მაინტერესებდა...
შეგვილოცავდა
ჭიშკრამდე მიგვიყვანდა
კარს მოგვიკეტავდა
ზურგს შეგვაქცევდა
გაიზმორებოდა
და .........

მერე აღარ ვიცი, თვალს მოეფარებოდა ხოლმე...


ნუშის ხეები იყო ჩვენთან სოფელში, მწკრივში გაზდილები, გზის განაპირას, ორივე მხარეზე.
პატარა რომ ვიყავი მეგონა რომ ფესვიდან ფესვზე გადასული ნერგით გაზრდილები იყვნენ და ამიტომ იყო ასეთი სიმეტრია დაცული.
რომ წამოვიზარდე მივხვდი რომ ასე არ იყო..
ზაფხულში დავდიოდით ხოლმე ბავშვები და ნორჩ ნაყოფს მივირთმევდით..
ხაოიან ხეებს ვეხახუნებოდით და დაკაწრულები გავრბოდით ხოლმე ტბისკენ, ნაკაწრები რომ ჩამოგვებანა...
გველებით, მწვანეკუდიანი ხვლიკებით, მინდვრის თაგვებით და ჭრიჭინებით სავსე იყო ჭალა..
მაინც მივრბოდით.
ტბასთან ჭრილობებს ჩამობანდით, მაინც არ გაგვდიოდა სისხლი, მტვერში გვეგლისებოდა და რაღაც ფერი ხდებოდა, მწვანეკუდიანი ხვლიკისფერი.
საღამოობით ცხელი წყალი მახსოვს ტაშტში ჩაწყობილი ტალახიანი ფეხებით .....


თბილი იყო ბავშვობა, გვირილის ფერი და ვაშლის სუნი ქონდა.

Friday, February 02, 2007

ბედნიერება


რა საინტერესოა, რატომ ხდება ასე?!
რატომ წერ მხოლოდ მაშინ როცა რამე გიჭირს, ან სულაც ცუდ ხაისათზე ხარ?
როცა გვიხარია, ამის გამოხატვა რატომ გვიჭირს?
ჩემი სიხარული მინდა გამოვხატო მარცვლებად, ასო-ასო ავკინძო და უბეში შევინახო...
უბრალოდ ისე, შემდეგ ჩახედვა რომ მომინდეს და გადავხედო, წავიკითხო განცდილი მომენტი...

სიტყვები რატომ გვეცლება ხელიდან, აზროვნებიდან?
ნაფიქრი რატომ ასწრებს მოვლენას და იკარგება?

ბედნიერების განცდა მინდა დავწერო და არ გამომდის..

ან სულაც ვიცით რა არის ბედნიერება?
იქნებ არ ვიცით და ვიგონებთ?
იქნებ სულაც არ არსებობს და ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია???

აააააი! მივაგენი - ბედნიერება - ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია, ფანტაზია, ტკბილი ფანტაზია :)

ყველას გვჭირდება ეს წარმოსახვა..
მე ძალიან მჭირდება მაგალითად!

ჩემი სულები