Tuesday, September 11, 2007

მე მენატრები

სიგიჟემდე მენატრები - მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს...
მაგრამ, იცი? ჩვენს სიყვარულს შეუძლია ათასობით კილომეტრით დაშორებულებიც დაგვაკავშიროს ოცნებაში, თუმცა, დამერწმუნე, ამ ოცნებას მაინც ექნება რაღაც მისხალი რეალობისა. ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, ცხოვრების ბნელ ნაკეცებშიც კი დაგვანახებს ერთმანეთისკენ მიმავალ გზას.
რაღაცას გაგიმხელ, ჩემთვის მნიშვნელოვანს და ერთადერთისთვის გასანდობს - მინდა, მე შენი ოცნება მერქვას, თითქოს, მიუწვდომელი და სანატრელი; მინდა, მე შენი სინაზე მერქვას, ოღონდ, ხილული და მოსაფერებელი; მინდა, მე შენი სათნოება მერქვას, თითქოს , სპეტაკი და ზეციური; მინდა, მე შენი სიყვარული მერქვას, უზომოდ დიდი, სათუთი, ცელქი, შენმიერი და შესაყვარებელი; მინდა მე შენი ტკივილი მერქვას... მძაფრი, მტკივნეული, მტანჯველი და განუკურნებელი, მოუშუშებელიც... ეს უფრო მეტად, უფრო მეტად მინდა, იმიტომ რომ თუნდაც, არც შენი ოცნება მერქვას, არც სინაზე, არც სათნოება და დავთმობ, თუნდაც არც სიყვარული მერქვას შენი, ოღონდაც შენი მოუშუშებელი ტკივილი მერქვას იმიტომ, რომ... არასდროს დაგავიწყდე... არასდროს იყო გულგრილი ჩემს მიმართ...
არ გაბრაზდე, კარგი... ეს სიტყვები მხოლოდ შენ გითხარი... სხვას ვერავის ვეტყვი და ვერც სხვისგან გაიგონებ. მერე რა?!
ჩვენთან ცოტა ხნის წინ მზე ჩავიდა, ბევრი დავიდარაბის შემდეგ დასვენებული მზე. უკვე ცა ვარსკვლავებით აიკინძა. სადღაც, ღრიჭოში, ერთი მუჭის ტოლად მოქცეული დღე მიიმალა. ის დროა, მზის ერთი სხივი რომ გენატრება და გესათუთება...
იცი რა გამახსენდა? პირველად ყვავილები რომ მაჩუქე... როგორ წვიმდა, არადა ყვავილები სულ არ იყო სველი. ვიცი, რომ ის ყვავილები არ გიყიდია, ფასს ვერ დაუკარგავდი. ვიცი, რომ სადღაც იყავი წასული, სოფელში და იქ, ჭინჭრიან ორღობეში მოკრიფე. იმიტომაც ჰქონდათ ისეთი ნათელი და ხასხასა ფერები. იმ ყვავილებმა სიყვარული მომიტანა, შენც. კიდევ გაგიმხელ რაღაცას, მაშინ, წვიმაში, ყვავილებით ხელში მე ვტიროდი. ვიცი, არ შეგიმჩნევია, და არც ახლა გაგიკვირდება, იმიტომ, რომ შენც ტიროდი. ამ ყველაფერს კი მერე მივხვდი და არ შემრცხვენია...
იმ დღის მერე, ყოველთვის, როცა დაგინახავ, თვალებში სიცელქე მეპარება, ღაწვებზე - სიწითლე. შენ ამას ვერ ამჩნევ, იმიტომ, რომ მხოლოდ თვალებში მიყურებ და იქ იმას ეძებ, რაც ყოველთვის ჩანს, რაც შენც გიბრწყინავს და რაც სიკვდილის მერე ჩაქრება...
იმ ყვავილების მერე გაცნობიერებულად დავიწყე შენზე ფიქრი...
ბევრი მინდა გითხრა, ამიტომ, ახლა ცოტას ვწერ. როცა გნახავ ბევრს მაშინ გეტყვი, პირისპირ. არ შეგეშინდეს არ დამავიწყდება...
იცი, ხანდახან მინდა გავაღწიო შენი სიყვარულიდან და სიყვარულის გემო დავკარგო... ვიღაც სხვა ზის ახლა მდინარის პირას და რაღაცას წერს შენთვის, და ეს მე ვარ. ოღონდ მგონია, რომ სხვა ვარ... მზის ჩასვლამდე სარაფნით ვიბანავე მდინარეში, იცი რა კარგი იყო?! მდინარიდან წყლის სუნი ამომყვა, არა, უფრო ველური ყვავილების და დედის რძის სუნი... მერე, ჩემს სამოსზე უკანასკნელი წვეთიც ამ ნაზავისა მზის სხივთან ერთად გამეპარა. გავშრი...
მთვარემ ჯალათივით მოსჭრა თავი მზეს და ახლა თვითონ ამოგორდა მთის გადაღმიდან... ჩვენ რომ გვიყვარს ისეთი მთვარე - მადლმფენი და მფარველი. ბედნიერი მთვარე დამნათის თავს...
მენატრები, როგორც ზღაპარი ბავშვობისა...
ეჰ, მონატრებას ახლაც შევჩივი უშენობას, მაგრამ რა? ულმობელია და არ ვაინტერესებ, არადა მეშინია რომ არ გავგიჟდე შენი მონატრებით.
გახსოვს, ერთხელ გკითხე თვალებში რატომ არ მიყურებ-მეთქი. მეშინია არ ჩავიძიროო. მერე აღარ გეშინოდა და ყოველთვის თვალებში მიყურებდი. მე კი, ყოველთვის მთელი ძალით მიცემდა ეს ოხერი გული...
უნდა დაგემშვიდობო და გავაგრძელო ჩემი გაუმხელელი მონატრება... ვიცი, ამ ღამეს თუ გავიტან უშენოდ, ხვალაც შევძლებ, ვიფიქრო შენზე... ხვალინდელი დღე შენით მიხარია...
მთავარია ჩვენ ერთმანეთისა ვიყოთ...
მართლა უნდა დაგემშვიდობო... მართლა მენატრები და როგორმე ამას თუ გადავურჩი, ისევ მოვა გაზაფხული ჩვენში. დღეს ჩვენი გაზაფხულის ბოლო დღეა, ჩვენი მაისის 31.
იცი, სიგიჟემდე მენატრები-მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე რომ იყოს, ალბათ, ჩემი ფეხით გეახლებოდი!

© თამუნა ხაჟალია"

3 comments:

  1. Anonymous1:28 PM

    ეჰ რა მაგარი სიტყვებია და რამხელა გრძნობაა... მე ასე არ შემიძლია... მართლა მაგარი რაღაცაა... რავი ვერ ვიტყვი სიტყვები არ მყოფნის ძაან მომეწონა და რაღაც გულთან მოვიდა...

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  3. madloba didi :) ar vici vin xar magram me am naceris avtori avtori var, axla shemtxvevit cavacydi :) madloba ertxel kidev. carmatebebi

    ReplyDelete