აი იცი რა პერიოდი მიყვარს, წვიმას რომ გაზაფხულის ქვია და გაზაფხულის სუნი რომ აქვს.. ნორჩი კოკრებიდან ამოწვერილი ხასხასა მწვანე ფოთლები, თეთრ–ვარდისფერად აფეთქებული ხეები და ჩიტების ჭიკჭიკი მიყვარს.. დილით შემთხვევით ძალიან ადრე გაღვიძებულს ყურში რომ ჩაგესმის ტკბილი გალობა და ხვდები რომ გაზაფხული უკვე დამდგარა!.. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სახლის აივნის წინ რომ პატარა წალკოტია, სადაც ჯერ კიდევ ბუდობენ ციყვები, ჭოტები და ღამღამობით ბულბულის გალობასაც გაიგონებთ. მაგრამ იმ წალკოტში ერთი განსაკუთრებული ხე დგას! ხე ამაყი და მომხიბლავი! აი ის ხე მიყვარს!
მაღალია, ძალიან მაღალი, უცნაური ალვის ხე და ისეთი მომხიბლავია, გინდა მიხვიდე და ჩაეხუტო... უკვე ჩვევად მექცა ყოველდღიურად დავაკვირდე როგორ იცვლება მისი ფერები!.. ყოველ დღე სხვადასხვა ფერია, ჯერ ღია მწვანე შეერია გაზაფხულის დადგომიდან, შემდეგ ყოველ დღე ფოთლების გაზრდასთან ერთად ფერიც შეეცვალა.. და აი ეხლაც, ამ სიბნელეში ზუსტად ვიცი, რომ ამაყად დგას და იცის, რომ დილით აუცილებლად გავხედავ სახლიდან გასვლამდე! ნაზი რხევით მომესალმება, მე გავუღიმებ და გულდამშვიდებული გავალ სახლიდან!
მიყვარს ჩემი ხე და მეშინია. მეშინია ამ ჩემი პოსტის მერე ჩემი წალკოტი ბარბაროსებმა არ დაისაკუთრონ. მეშინია რომ რამდენიმე წელში ეს ულამაზესი ადგილი ერთ დიდ ქვის გროვად იქცევა.. გზას შემოიყვანენ და უზარმაზარ მახინჯ კორპუსებს დადგამენ და ჩემი წალკოტი, ჩემი ხე ამ სისასტიკეს შეეწირება! ხმამაღლა არსად თქვათ რომ ჩემი სახლის წინ, უზარმაზარი ტერიტორია ჯერ კიდევ ციყვების, ჭოტების, ბულბულების და ჩემი ულამაზესი ხის სავანეა!
<3
ReplyDelete