დილა მშვიდობისა!
ჩემო ნუკრისთვალება ანგელოსო, ისე მოულოდნელად ჩამოდგა გუშინ შენი ავტობუსი, შუაგზაზე მომიწია სიტყვის შეწყვეტა და იმ ამბის მთელი პეწი და მარილი წყვეტამ რომ არ შეიწიროს, ბარემ თავიდან დავიწყებ მოყოლას, კარგი?
თუ მოგბეზრდა უკვე ნაცნობი მონაკვეთის მოსმენა, შეგიძლია სამსახურში წასვლამდე დარჩენილი რამოდენიმე წუთი, შენი იგავმიუწვდომელი სილამაზის სახის მაკიაჟს დაუთმო (ბევრჯერ მიფიქრია... მიფიქრია არა წუთები, საათებიც კი, თუ რაში სჭირდება ატმის ყვავილისფერ სახის კანს შენსას ეს უცხო ევროპიული სიტყვა "მაკიაჟი", ან ტობავარჩხილის ტბასავით კამკამა, უძირო თვალებს ლინზები? მიფიქრია, დავქანცულვარ ფიქრით და მერე მიმინებებია თავი; მიმინებებია თავი, რადგან სად შემწევს მე, უბირსა და ტლუს, შენი აზრთა სიფაქიზის აღქმა ან შენი მოქმედებების სიღრმეში ჩაწვდომა...), მერე კი, წამით ფინალურ სცენას დაესწრო, თვალებით გამიღიმო და წახვიდე რომ შენი ხილვით სიამოვნება მოჰგვარო ქუჩაში შეწუხებული სახით მობორიალე უამრავ ქალსა თუ მამაკაცს, რომლებისთვისაც (და კიდევ მრავალი სხვითვის) ჯერაც ვერ მიპატიებია, რომ შეუძლიათ ხარბი და შურიანი მზერა შეავლონ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის შექმნილ სილამაზეს...
ჰმ, ისევ შენზე გადავერთე... მოდი, თავს ძალას დავატან და მთავარ თემას მივუბრუნდები.
მოკლედ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ვიყავი არც თუ საინტერესო მისიით. იქ სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ სოფლის გამგებელს (რომელთანაც იშვიათად, მაგრამ მანც მქონდა სამსახურებრივი შეხება) ძმა გარდაცვლოდა და რომ გასვენება დღეს იყო დანიშნული.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიწვი ზემოთაღნიშნული სახის ღონისძიებებზე დასწრების აუტანელი სურვილით, და პლუს ამას მძღოლმაც ვითომ სხვათა შორის აღნიშნა რომ ჯინსებითა და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმლით არ ღირდა ასეთი, ფრიად საპასუხისმგებლო, ნაბიჯის გადადგმა (თან, გზაში ეტყობა შენიშნა რომ წინდები არ მეცვა და გულისხმიერად ისიც აღნიშნა რომ, ჩემს ასაკში შეიძლება ამას თირკმლმებზე სერიოზული გართულება გამოეწვია, თუმცა ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია რომ მან ამით თავისი, გასვენებაზე არ მისასვლელი, არგუმენტი გაამყარა), მაინც გადავწყვიტე მივსულიყავი და დამეტირა ის პატიოსანი კაცი.
არ მახსოვს თუ გითხარი რომ სოფელი მთაგორიანი იყო. გამგებლის ძმის ოდა სახლიც გორაზე წამოსკუპული დამხვდა. ეზო, როგორც სამეგრელოს შეეფერება, ულამაზესი იყო.
ჭიშკრიდან სახლამდე საკმაო მანძილი აღმოჩნდა ფეხით გასავლელი დაფნების დაკლაკნილ ხეივანში. შუა გზაზე, რაღაც ტკივილამდე ნაცნობი მელოდია მომელამუნა ყურზე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ხმა თანდათან ძლიერდებოდა და როგორც კი სახლს მივუახლოვდით მე და ჩემი მძღოლი უკვე welcome to the hotel california-ს მარშზე ვუწყობდით ერთმანეთს ფეხს...
ჩემო დედოფალო, ვგრძნობ როგორ მარგალიტებივით იპნევა შენი სიცილგარეული "არ არსებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოობს" კარერის მარმარილოს იატაკზე. შეყოვნდი ოდნავ, ეს ჯერ კიდევ არ არის კულმინაცია (კულმინაციას ამ ამბავმა მეორე დღეს მიაღწია, ამიტომ მცირე მოთმინებას გთხოვ ნუგეშინის მომნიჭებელო ფერიავ ჩემო).
ისე, რომ ყურადღება არ მიმიქცევია ამრეზილ მზერათათვის (ჩემი ჩაცმულობა იყო, დღესავით ცხადია, ამის მიზეზი), კიბე ავიარეთ, შევედით "ზალაში" სადაც მიცვალებული ამაყად ესვენა ნეონის იასამნისფერი და მწვანე შუქით განათებულ დახლ-მაცივარში, თავი დავუკარით მწუხარებისაგან განადგურებულ, შავებში ჩაცმულ ჭირისუფალ ქალებს, აივანზე გამოვედით და გრძელ მწკრივად ჩამწკრივებულ ჭირისუფალთათვის ხელის ჩამორთმევის მომქანცველ ცერემონიალს შევუდექით.
ხალხი ცოტა იყო ჯერ, და თავი მოვალედ ჩავთვალე გრძელი მწკრივის ჩამთავრების შემდეგ უკან მოვბრუნებულიყავი და ახლა უკვე რამოდენიმე სიტყვითაც გამომეხატა ჩემი მწუხარება.
გამგებელი გულითადად შეხვდა ჩემს მობრუნებას. ის კი არა და სიყვარულის მარცვალიც შევნიშნე მის მწუხარებით აღსავსე თვალებში...
რაზე უნდა მელაპარაკა? რა თქმა უნდა ამინდზე და მეც აღვნიშნე როგორ გაუმართლა განსვენებულს, ასეთი კარგი ამინდი რომ დაუდგა მეთქი. "ჰო"-ო ისეთი სიხარულით დამეთანხმა გამგებელი, თითქოს განსვენებულს რამეში ადარდებდა მზე გაუნათებდა უკანასკნელ გზას თუ კოკისპირული წვიმა გალუმპავდა სასაფლაოზე მიმავალ პროცესიას; ის კი არა და დარწმუნებულიც კი ვარ, რომ მის სიმშვიდე გადაფენილ სახეს ვერც სეტყვა და ჭექა-ქუხილი მოჰგვრიდა უკმაყოფილების გრიმასას და ვერც კუბოს წინ მიმავალი მისი 14 წლის შვილიშვილის ზურგზე მოკიდებული ზურგჩანთა (დედაქალაქში მისი ხნის გოგო-ბიჭები ნაბიჯს არ გაადგამენო უზურგჩანთოდ თურმე) აუწკიპავდა ტუჩის კიდეებს ღიმილად.
თემა ხომ უნდა შემეცვალა და გულისხმიერად ვკითხე გამგებელს, განსვენებული თქვენზე უფროსი იყო თუ უმცროსი მეთქი?... კი მეხამუშა, თუ როგორ შეემსხვრა გამგებლის გაოცებული მზერა სხვა ჭირისუფლების არანაკლებ გაოცებულ მზერას, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, თუ როგორ გაქრა სიყვარულის მარცვალი გამგებლის თვალებში და არც იმისთვის თუ როგორ ჩაიბუტბუტა "უფროსი, უფროსი"-ო და როგორ ანაზდად გასძახა ეზოში უსაქმოდ მდგარ, ხანში შესულ მამაკაცს "სტუმარს მიმიხედეთ, სტუმარს"-ო და როგორ უცერემონიოდ მიმაბრძანა ქვევით.
ცოტა კი შევეწინააღმდეგე ჩემს მასპინძლად დანიშნულ ბერიკაცს, მაგრამ უტეხი და პატრიოტი აღმოჩნდა ბერიკაცი თავის სოფლის და მაჯაგანით (აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვპლაგიატორობ და პატიოსნად გეტყვით, რომ სულმნათი კონსტანტინეს სიტყვებს ვიყენებ უხვად ჩემს მეტყველებაში. როგორც მოგეხსენებათ ვინც გვიყვარს მისი ენა შეუმჩნევლად შემოდის ხოლმე ჩვენს მეტყველებაში და არა მგონია სიტყვის ქურდობა დაგვწამოს ამისთვის ვინმემ, მით უმეტეს ეს მოთხრობა კი არ არის, უბრალოდ ამბავს ვუყვები უძვირფასეს და სულზე უტკბეს არსებას ჩემსას) მიმაბრძანა იქვე, მეზობლის ეზოში გაშლილ სეფაში.
ოცდაათიოდე წუთში უკვე საკმაოდ გამხიარულებულნი მოვაგელვებდით ჩვენს იაპონურ რაშს (რუსულის გავლენით "ტოუოტას" რომ უხმობენ ჩვენში) მე და ჩემი მძღოლი.
თვალებმოწკურული, შენთან შეხვედრის სიამოვნების მოლოდინში თაფლად და ბადაგად ქცეული, ქებად ვიღვრებოდი მძღოლის ჯომარდობის გამო და ისიც გაასმაგებული პასუხისმგებლობით, ყურადღებად ქცეული, საათში ოთხმოცი კილომეტრის სისწრაფით ამცირებდა მანძილს შენსა და ჩემს შორის...
"კულმინაცია?"-ო იკითხავ და მართალიც იქნები ფიქრთა განმრიგევ ჩემო...
კულმინაცია და კვანძის გახსნა მეორე დღეს მოხდა სიყვარულო, როცა შემთხვევით გავიგე რომ გარდაცვლილი მამა ყოფილა გამგებლის თურმე...
* * *
ვარსკვლავები შენი თვალებით ციმციმებდნენ წუხელ,
შენი სურნელი მოჰქონდა სიოს ტყიდან,
შენს თმასავით კუნაპეტი ღამე იყო,
შენი ღიმილივით ამოვიდა მზე,
კიდევ ერთი დილა გათენდა შენით...
დილა მშვიდობისა!
© hantenbaini
იმედია არ მიწყენს )))
No comments:
Post a Comment