Monday, August 09, 2010

გუშინ

გუშინ სასაფლაოზე ვიყავი..
შუადღის 4 საათზე.. ალბათ იყო სიცხე, მე არ მიგვრძნია...მაგრამ ეგ მთავარია არაა.. მე ქვების სიცხემ შემაწუხა (((
ვერ ჩამოვჯექი.. ვერ ვიტირე... პირველად ვერ ვიტირე სასაფლაოზე ((
ის კი მიყურებდა.. მელოდა რამეს რომ ვეტყოდი...
ხოდა მოვყევი... ყველაფერი ვუთხარი.. რასაც ვფიქრობდი, ვგრძნობდი, განვიცდიდი, მიმაჩნდა და მაწუხებდა...
ჩვენ შვილზე მოვუყევი, თუ როგორ გავს და როგორი საყვარელია როცა მისნაირ ხრიკებს სჩადის და ერთიანად გვაგიჟებს დიდსა თუ პატარას ))
როგორ გავს სიარულის მანერაში, მიხვრა-მოხვრაში, წარბების აზიდვაშიც კი..
როგორ ლამაზდება ყოველდღიურად.......
...... რჩევა ვთხოვე.. მეტყვის ალბათ რამეს, ველოდები ყოველ ღამე სიზმრად.. აღარ მოდის ((
აღარ მოდის დიდი ხანია... არ მელაპარაკება ((
მერე ვუთხარი გატაცებული რომ ვარ.. მაგაზეც მოვუყევი.. მაგაზეც ვთხოვე რამე ეთქვა...
ისი კი მიცინოდა მხოლოდ.....
((
..............რამდენ ხანს ვიჯექი არ მახსოვს იქ.. ერთი მახსოვს რომ დამწვარმა მხრებმა ღამე შემაწუხა.....................

Monday, July 05, 2010

if i tell you i love you can i keep you forever

ღამეა, ტყუილად ვზივარ და რაღაცას ვეძებ.
ვეძებ, ვეძებ გამწარებული...
ათასი უაზრო და უმაქნისი გვერდი...
ისევ ძველს დავუბრუნდი.
ძველს და მიჩვეულს.
და უცებ მოვიდა..
ლამაზად და უჩვეულოდ შემოიჭრა
თითები თავისით ალაპარაკდა...
კაკუნით ვიცნობთ ერთმანეთს...
ხმა როგორი აქვს ნეტა?
ჰაბიტუსი სიმპათიური.
აზრი - ორაზროვანი.
ხან დამშვიდებული.
სათქმელი - სხვადასხვაგვარი.
გაბრაზებული და ნაწყენიც.
გახარებული და კმაყოფილიც.
გრძნობა - ორჭოფული,
გაორმაგებული..
ზოგჯერ მძიმედ გასაგები...
გაქცევის სურვილით ...

ნუ გაიქცევი!
და ნუ გამიშვებ!

Tuesday, June 22, 2010

ვაღიარე! და მიხარიხარ ))

ვიცი ეხლა დიდ სისულელეს ვიტყვი
უნდა ვთქვა

ჩემში რაღაც ვირტუალური გაჩნდა, კი არა და ვიღაც.
ხო და ეს ვირტუალური ძალიან ახლობელი გახდა.
ჩემი ფუნწიკები გამიჩნდა სულში ისევ...
ისევ შევძელი რაღაც ახლებურად დამენახა..
ისევ შევძელი და გავუძელი ლოდინს.
და ისევ გამიჩნდა სხივი
ნდობა გამიჩნდა
საიდუმლოებები ))
და ღელვა დამიბრუნდა....

ჩაკეტილი კარი გაიღო ))

ძალიან თუ არ გეწყინება, გეტყვი რომ ეგ ღია კარი შენი დამსახურებაა ))

ვაღიარე!

და მიხარიხარ ))





***
ვიცი, რომ სულელი ვარ.
და თუ გამიბრაზდები ამის გულისთვის, მაგასაც გავიგებ.
თუ არ დამელაპარაკები, მაგასაც....


შენ მაინც ჩემი გამოღვიძება იქნები.

Monday, June 07, 2010

ბურკა

ძალიან მიხარია, აი ძალიან მიხარია საქართველოში რომ გავჩნდი.
მაგარია აქ რომ გავჩნდი ქალად და არა რომელიმე შუააზიურ ბურკაშემოცმულ ქვეყანაში, სადაც ქალს არ აქვს ხმის ამოღებისა და აზრის გამთქმის უფლება!
ხოდა რატო ვწერ ამას და ეხლახანს დავამთავრე ოსნე საეიეშტადის დოკუმენტალურ-ლიტერატურული ნოველა ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”. იმდენი ვიტირე საცოდავი ქალის ყოფაზე ავღანეთში, კინაღამ სული შემეგუბა და ჩემი პრობლემებიც დამავიწყა.
მარა რას დამავიწყებდა, წიგნის კითხვისას ბედნიერებისგანაც ვბღაოდი, ავღანეთში რომ არ დავიბადე არცერთი სქესის წარმომადგენლად. მეზიზღება შეზღუდული აზროვნება, მძულს ავღანური ტრადიციები!
სიტყვა აზია ზუსტად იგივე რეაქციას იწვევს ჩემში, ჩალმა ჩამოფხატულ და ბურკა შემოხვეული ქალებით და უაზრო ათასი ტრადიციებით სადაც ქალის ადგილი არაა! სადაც ქალის აზრს არასდროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! იმისი უფლებაც არ აქვს თავად აირჩიოს რჩეული, ცხოვრების მეგზური! ფიქრის უფლებაც არ აქვთ!
დისქასტინგ!
ხოდა ვერ ვიტან აზიას, კი არა და აზიისგან რა მინდა, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ შეიძლება ქალს ქონდეს რამის უფლება, მე ავღანეთზე მინდოდა მეთქვა ვერ ვიტან თქო...
ქალის დანიშნულება იქ საჭმლის კეთება და ბავშვის გაჩენაა. მორჩა!
წიგნის კითხვისას რამდენჯერმე მინდოდა ოჯახის უფროსი მაგრად მიმეჟეჟა თავისი ადგილი რომ ცოდნოდა.მარა აბა როგორ?!
ბლიად! აღშფოთებული და განერვიულებული ვარ! :შ
იქნებ რამემ მიშველოს და დავწყნარდე?

მე კი ვიცი რა მიშველის, სხვა წიგნი უნდა დავიწყო.
ისე აი, ხომ არიან ნარკომანები, წამლის ლომკა რომ აქვთ (თუმცა ბევრი არაფერი ვიცი მაგ ლომკის შესახებ, მაგრამ ხომ გამიგია), აი ეგეთი რაღაც მემართება წიგნზე.
სულ მინდა ვიკითხო, თუ კომპთან არ ვზივარ და ბავშვს არ ვუვლი, ზნაჩიტ ვკითხულობ.

ხოდა მირჩიეთ წიგნი! :)

Sunday, May 30, 2010

მენატრებით და რა ვქნა?

რას შვება ეს ცხოვრება ა?
რა უნდა ჩემგან?
ქაოსი მაქვს თავში..
რა და, ამ ბოლო დროს კი არა და სულ მაქვს ის გრძნობა, რომ რაღაც მაკლია, აი ურთიერთობის ამბავში. განა რამე მინდა ან ვითხოვ, არა, უბრალოდ ის ხალხი რომელსაც 2 წამით მაინც შევხვედრივარ და ურთიერთობა გამიბია რაღაც დონეზე, თუნდაც იმ წუთს დამთავრებულა ის მომენტი, მაინც მახსოვს და გონებიდან არ ამომდის ის ადამიანი.
მერე ათასჯერ ვიგონებ და ვხარშავ.
ის ურთიერთობა რომელიც 2 წამიდაან 10 წუთამდე მეტს გაგრძელებულა - მენატრება.
იმ ადამიანთან მენატრება ურთიერთობა, რომელსაც ფაქტობრივად არც ვიცნობ და ალბათ ვერც ვერასოდეს შევხვდები მეორედ ცხოვრებაში.
მაგრამ როცა წლებზეა აგებული?
რა უნდა ვაბშე?
რატომ ვძულვარ ასე ჩემ გულს?
მამიდაჩემმს აქვს კარგი გამოთქმა ”მოგიტყან ოფშიჟიტი გული”-ო და ხშირად მიმეორებს ხოლმე ჩემი გულგაშლილობის გამო ამ ფრაზას!


ხოდა მოვტყან ოფშიჟიტი გული, ბლიად!


მენატრებით და რა ვქნა?


:S

Saturday, May 08, 2010

როგორ წავიკითხოთ მუსიკა და მოვისმინოთ წიგნის ჩემეული ვერსია

მაგარი რაღაც დავამუღამე..
სახლში რომ ვარ წიგნებს ვერ ვკითხულობ, არა და მიყვარს. (თუ არ იცი, იმასაც გეტყვი, რომ ჩემი შვილი ტუალეტშიც კი არ მიშვებს მარტო :D )
ხო და
ეხლა 1 საათი სამსახურამდე და იქედან გზაში ხომ ვარ?
და დავდივარ წიგნებით ჩანთაში და ვკითხულობ აბა რა ვქნა?
:D
და დაჟე არც მანქანის რწევა არ მაწუხებს შენ წარმოიდგინე!
არც დეგენერატი ხალხის ხმაური მიშლის და თვალების ცეცებაც არ მიწევს უაზროდ! (გამოსავალი ვუპოვე, არც მეღლება და დანიშნულებისამებრაც ვიყენებ :)) )
რასაც ვერ ვიტან, ადგილზე რომ ზიხარ და თვალს ვერ აყოლებ ისე სწრაფად ჩაგივლიან სახლები, მანქანები, ადამიანები და სულ ფუჭად გიფრინდება საათი...
ყურებში მუსიკა და თვალებში საყვარელი ტექსტი!
Yeah, ბოდიში და ნამდვილი ორგაზმია!




Thursday, April 29, 2010

ჰეჰ...

რა უნდოდა, რას გვერჩოდა შემოქმედი ქალებს. ყოფილიყვნენ მარტო კაცები და აღარც გენდერული დისბალანსი იარსებებდა არც ჰომოსექსუალიზმი და აღარც სტრეიტები კიდე!!!

Tuesday, April 20, 2010

ვებ გვერდი რომელზეც თქვენ ცდილობთ შესვლას დაბლოკილია!!!



რა უნდა აკეთო სამსახურში, როცა საქმე არ გაქვს, ლაპარაკი და ჭორაბა არ გიყვარს, როცა ყველა სოციალური საიტი და ჩატის ყველა სახეობა დაბლოკილი გაქვს (google talk-ის გარდა, თუმცა ამ ჩატის შესახებ ბევრმა არ იცის, ანდა საერთოდ არ სარგებლობს) და როცა ყველა რესურსი საკუთარი თავის გართობის ამოწურული გაქვს?
თვითგვემას ვერ მივეცემით! ))
ამიტომ ვიღებთ საყვარელ ფლეილისტს, ვირჩევთ რომელიმე მომღერალს და ვაგროვებთ მუსიკას. თუმცა ამ შემთხვევაშიც სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან თითო ვიდეოს ჩატვირთვას Youtube-ზე ნახევარი საათი უნდება. თან ამას ემატება ის რომ ყველა მუსიკის ”საქაჩი” საიტიც დაბლოკილია.
მაინც მივაგენი გამოსავალს! სხვა ალტერნატიული საიტებიც არსებობს ნეტ ქსელში ;)
ერთერთი გადასარევი საიტი ვიპოვე სადაც სანამ მუსიკას გადმოიწერ შეგიძლია იქვე მოუსმინო, ტყუილად დრო რომ არ კარგო.
ან დავძვრებით imdb.com-ზე და ვეძებთ რა გადმოვქაჩოთ სახლში მისვლისთანავე.

სხვას რას მირჩევთ?

Thursday, April 15, 2010

Twilight

დიდი ხანია არცერთ კინოზე ისე არ ჩავციკლულვარ როგორც ეხლა დამემართა Twilight-ზე.
ძალიან შემიყვარდა. ისე შემიყვარდა რომ თავისი საუნდტრეკებიანად დამაქვს ტელეფონში.
უკვე მეასედ ვნახე ფილმი...



ესეც ყველაზე მაგარი ტრეკი ფილმიდან. ზარზეც კი დავაყენე )))

Saturday, March 06, 2010

უმიზნო პოსტი

ტანის ტკივილამდე მეძინება...
მაგრამ ეხლა თუ არ დავწერე, ვიცი აღარასდროს დავწერ არაფერს ჩემ სიცოცხლეში.
ჯერ ცხოვრება არ დამისრულებია. ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვჭამ, მძინავს, ვიცინი... ეხლა უკვე ხანდახან ცხოვრებაც მიხარია ჩემ შვილს რომ ვუყურებ.
მანამდე?
დავფიქრებულვართ რისთვის მოვედით ამ ქვეყნად?
დამამთავრებელ კლასებში დავიწყე ფიქრი. ხან რა პროფესია ავირჩიე, ხან რა. საბოლოოდ ისე მაინც არ გამოვიდა როგორც მინდოდა და შევეშვი.
მერე ინსტიტუტში გადავწყვიტე რამე ისეთი საქმისთვის მომეკიდა ხელი მიზანს რომ მიმაღწევინებდა, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობდა რომ ჩემ ”მიზეზი” ვერა და ვერ დავადგინე რა იყო. ხო და მაგასაც შევეშვი და სულ შევეშვი.
აღმოჩნდა რომ უმიზნოთ და უმიზეზოდ ვცხოვრობ იმ ჭიანჭველების დიდ ოჯახში, სადაც მუშათა კლასს მივეკუთვნები და თან წილად მხვდა დედობის უიშვიათესი ბედნიერება.
მერე რა იქნება?
ჯერ არ ვიცი.
ის ვიცი, რომ ეხლა ჩემი მიზეზი და მიზანი ჩემი შვილია.
თქვენი რა არის?

Monday, January 18, 2010

დედიკოს თხოლება!




ნუგიჩია - ესე იძახის ხოლმე როცა ეშინია და ჩემსკენ გამორბის :)))

Saturday, November 21, 2009

alone



დღეს განსაკუთრებულად ვარ ცუდად.
სხვაგან ვიყავი, სტუმრად.
მე და გიო ძალიან ხშირად ვიყავით ხოლმე იქ. მივდიოდით და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვისხედით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, ვთამაშობდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და გვიყვარდა...
პირველად ვიყავი მათთან სტუმრად უგიოდ.
მტკივა.
გული ტირის.
სული დამიობლდა.
გარს უამრავი ხალხი მახვევია და მარტო ვარ, სულ, სულ მარტო.
...როგორ მენატრება...


ძალიან ძნელია ამ ტკივილის გადმოცემა...
თანაც უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ეკრანი გაიბლარა და გულიც ყელში მაქვს მომდგარი...
მოგონებებმა დამახრჩო.

არა და რა ძნელია დარდის დამალვა.
როგორი ძნელია ტკივილის გაყუჩება.


...მწარედ მენატრება, ტკივილით...

Monday, October 19, 2009

ნატალი



ახალგაღვიძებული ლოყაწითელი და ცემლმორეული ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი :*


სახლში არ ვიყავი და უტირია :)

Monday, September 21, 2009

უგიო

მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს!
არასოდეს გაუაროთ გვერდი ისე, უბრალოდ.
არ მოგერიდოთ გარშემომყოფების.
სახლში, გარეთ, ქუჩაში, მეზობელთან, სტუმრად, კაფეში, ბარში, პარკში...
უსიტყვოდ მიდით და მოეფერეთ.
ან სიტყვით მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, ელაპარაკეთ...
ყოველი წუთი გამოიყენეთ, ყოველი წამი.
გული მწყდება და ძალიან მტკივა როცა ვიხსენებ წუთებს, გვერდით მყავდა და არ მოვფერებივარ საკმარისად.

როგორ მინდა გელაპარაკო, გებურდღუნო, როგორც შენ მეტყოდი ხოლმე, მოდი ვიბურდღუნოთო.
ეხლა მაკლია.
ძალიან მაკლია.
მტკივა.
მწვავს და მახრჩობს.
ეხლა ვბრაზდები ჩემს თავზე ხშირად რომ არ გეფერებოდი.
სახეს რომ არ გიკოცნიდი...
ძალიან ვბრაზდები მაგრამ რა ზარი აქვს?? რა?
როგორ მტკივა!
სად გამოვხატო, როგორ?
ვისთან?
არ ვიცი.
გული მაქვს მძიმე, ლოდი არ ქვია მაგას, თურმე დარდი ქვია და ლოდივით მძიმე ყოფილა.

მენატრები გიო! ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, უსაყვარლესო, უთბილესო!

გეფერები, მაგრამ უხორცოდ!
გესაუბრები, უსიტყვოდ!
გკოცნი, უტუჩოდ!




კივილი მინდა...

Thursday, September 03, 2009

არ გააღვიძო, ძინავს

ჯერ კიდე მგონია რომ კარს შემოაღებს, ჩუმად მოვა, დამხედავს თუ მძინავს ნაზად მაკოცებს, მერე ბავშვს დახედავს, იმასაც აკოცებს და კომპიუტერს მიიგორებს საწოლთან, ჩართავს რამე კინოს აარჩევს, საყურისებს გაიკეთებს და კინოს დაწყებამდე ჩაეძინება.
დილით ავდგები, დავინახავ რომ საყურისებიანად ძინავს, კომპი ჩართულია, კინო რა თქმა უნდა რამდენიმე საათის დამთავრებული.
საყურისებს მოვხსნი ფრთხილად, რომ არ გავაღვიძო ისე, შეიშმუშნება, ერთ პოზაში დარჩენილს შვება მიეცემა და გვერდს შეიცვლის. ჩემ ბალიშს მუხლებქვეშ ამოიდებს და ძილს გააგრძელებს.
როგორ მეცინება ხოლმე მაგ დროს... როგორ ვბრაზდები კომპი შუა ოთახში რომაა გაჩხერილი.
ან მოვა საღამოს დაღლილი სამსახურიდან. მეტყვის არ გშიაო? უკვე ვიცი რომ ვინუჟდენი უნდა ვჭამო, რადგან მარტო არ შეჭამს. მერე მეტყვის როგორ გასუქდიო?! :)) თან უკვე გამზადებული უნდა დავახვედრო, თორემ საერთოდ არ შეჭამს. ხაჭაპურზე გიჟდება. ხაჭაპურზე და კატლეტზე.
ან მოვა აჩქარებული, თითქოს ვინმე მოსდევს, გიტარას აიღებს, რაღაც შნურებს მიუერთებს, დინამიკებზე დააერთებს და დაკვრას იწყებს. უკრავს და უკრავს, მეც მიხარია, ნატალი მარტო მამამისის დაკვრის დროს ზის წყნარად და უსმენს განაბული და ვისვენებ. მერე როიალზე გადაინაცვლებს და იქ დაუკრავს თავის საყვარელ მელოდიებს. ბეთხოვენი უყვარს ძალიან, ნოტებიც კი გაარჩია იმ დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა იქ ვინაცვლებთ მოსასმენად სადაც გიოა. ბავშვი ინსტრუმენტისკენ გაიწევს, მე გამოვიყვან, რადგან როცა გიო უკრავს ექსტაზშია და შეიძლება გაბრაზდეს. ნატალი თავს არ დაანებებს სანამ კალთაში არ ჩაუჯდება და აკომპანიმენტს არ გაუწევს. გიო მოეფერება და რამე მხიარულს დაუკრავს ბავშვისთვის.
მერე ისევე უცებ დაამთავრებს როგორც დაიწყო.
გაღვიძება?! თუ დაიძინა ვერ გააღვიძებ. სამსახურში წასვლამდე ორასჯერ მაინც ვეტყვი რომ ადგეს. კიო, მეტყვის და იძინებს ისევ. ბოლოს მეც გავბრაზდები და სამსახურში წავალ. გზიდან დავრეკავ. სამსახურიდან დავრეკავ მაგრამ არ გაიღვიძებს. მერე უცებ თვითონ დარეკავს და კითხვაზე სად ხარ? - სამსახურში ვარ ჩმორო!





სამსახურშია და მოვა.

Sunday, August 30, 2009

პირველი წერილი

იმის მემილიარდედი რისი თქმაც მინდოდა...

რა არი მაინც ცხოვრება... ხან გაივლის, ხან გამოივლის, თუ მოეპრიანა გადაგივლის და გადმოგივლის. რამდენი ხანი უნდება ადამიანი იმის გაგებას, თუ რისთვის მოვიდა, არადა ყოველთვის იცის საით მიდის...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ... არა ეს ტანჯვა არ იყო. ყველაფერი ჯერ ძიებას, შემდეგ შეცნობას გავდა და ბოლოს საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით გაჯერებულ უმნიშვნელო არსებობად იქცა. გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება, სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო, წარსული, რომელიც გაქვავდა, აწმყო, რომელიც არ იბადებოდა და მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა...

***
გითხრა, რომ მინდა ვიცოდე როგორ და საიდან? არასოდეს! რისთვის, თორე ჰო. საკვირველად ერთი მრჩება მხოლოდ. რატომაა ახლა ისეთი ლამაზი, როგორიც არასოდეს იქნებოდა...

***
მახსოვს კი, იყო ასეთი დღე, წვიმდა...
ვერ გეტყვი იმ დღეს რა მოხდა და ვერ დამადანაშაულებ. არც შენ იცი.
დაბადების არ მეშინოდა, არც გათბობის, სილამაზის, გრძნობის. შენს იმდღევანდელ ნათელ სახეს გეფიცები, არც ტანჯვის მოლოდინი მთრგუნავდა და არც სიზმრიდან გამოღვიძების. ელვის სისწრაფით ირეცხებოდა გონიდან ყველაფერი, რაც იყო და წამებში მოშუშებული გული ახალი, მშვიდი სიგიჟით ივსებოდა.
არასოდეს მტკენია მარტოობა ისე, როგორც მაშინ, როცა ღამემ ის საღამო წარსულს აჩუქა...

***
რა ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე სამყაროში, რომელსაც უკვე აღარ ვეძებდი, რაც ჩემი გული იქცა სილამაზისა და სითბოს ბუდედ, სადაც ციცქნა მწვანე ჭიამაია ბინადრობს. რა მცირე ხანია რაც დავიბადე, სულ რაღაც სამი თვის ვარ...


***
რამდენი სისულელის თქმა მინდა ახლა, რამდენი სიგიჟის ჩადენა... დღემდე არასოდეს უთქვამთ სიტყვებს ჩემთვის უარი. მებრძვიან და მიბიძგებენ რომ მხოლოდ ერთი მათგანი გითხრა, ერთადერთი. არადა არ მყოფნის, მილიარდი სიტყვაც კი არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც მთელ არსებაში ტრიალებს, რასაც სული გრძნობს და რისთვისაც გული ცემს...
როგორ მინდა ხოლმე თვალებში წაიკითხო, ყური მკერდზე დამადო და გულისცემიდან შეისმინო.
არადა ხომ გტკივა? ვიცი რომ გტკივა და ათასმაგად მტკივნეულია ჩემთვის შენი ტკივილი, ვიდრე ის, რასაც მონატრებას ვეძახით და რაც უფრო მეტია ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი...

***
მაკლიხარ, მაკლიხარ ისე როგორც არასდროს. მინდა თვალი აგიხვიო, გაგიტაცო და მხოლოდ მაშინ გაღირსო სინათლე, როცა ბზით გარშემორტყმულნი აღმოვჩნდებით. მინდა ბედნიერებით ანთებული თვალები დაგიკოცნო, შემდეგ ფარხმალი დავყარო სიტყვებთან ბრძოლაში და უკვე ალბათ მეათასედ, მაგრამ ყველაზე უფრო ლამაზად გითხრა "მიყვარხარ"...

***
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ

- და აღარ მახსოვს...
წარსული, რომელიც გაქვავდა

- გატყდა
აწმყო, რომელიც არ იბადებოდა

- დაიბადა
მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა

- გამოფხიზლდა და ამოძრავდა
სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო

- ადუღებულ, ახდენილი და ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებებით სავსე ცხოვრებად იქცა და
გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება

- მზესუმზირების ველზე გადებულ სიყვარულით სავსე ბილიკად გადაიშალა, რომლის ბოლოს კიდევ გხედავთ შენც და ჩემს თავსაც, დაბერებულებს, გათეთრებულებს და ისევ გიჟურად შეყვარებულებს. რა თბილად მიღიმი როცა აკანკალებული ხელით ლოყაზე გეფერები და ჟამთასვლისგან დანაოჭებულ თვალის კუთხეებს გიკოცნი. როგორ მყვარებიხარ მთელი ცხოვრება...














გიომ მომწერა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში.
ერთ-ერთ ფორუმზე თემა გახსნა, დაწერა და დამახვედრა.
ის ფორუმი ამჟამად აღარ არსებობს.
წერილი უცვლელად შევინახე.
წერილიც და მესიჯებიც ტელეფონში, ისინიც შენახული მაქვს.

Friday, August 28, 2009

No Words...


Just Tears...



მენატრები . . .

Wednesday, April 29, 2009

35 წუთი სამსახურამდე vol.2

პირველი იყო შარშან, მაგრამ დღემდე არ გამნელებია.
მანქანა მინდა, ჩემი :(


ხო და აქციების გადამკიდეს 6-მაგად უფრო შემძულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნუ ალბათ მიხვდით უკვე რაზე ვამბობ, მარშუტკა ხომ ჩემი ტკივილია?!
იმას გაუხმა ბორბლები ვინც ჩემ მანქანას დაეტაკა და დამილეწა! საწყალი ისე საცოდავად გდია... :(
ხო და იმ ბორბლებდასახმობის გამო მე იმ აზინტლილი მარშუტკით უნდა ვიარო!
ჯერ მარტო ლოდინი როგორ მძულს?! მერე მოვა და ადგილი ან არის ან არა, ხო და თუ ფეხზე დგომა მოგიწია, ჩათვალე რომ აჭარიდან ცირკამდე მთელმა თუ ჩააღწიე, ზნაჩიტ გმირი კი არა უგმირესი ხარ!!
თან თუ „ლიხაჩი შოფერიც“ შეგხვდა ხო საერთოდ!
მაგარი ხალხი ჩითავს 149-ში. ერთი კაცია, თუ შემთხვევით „შემოელაპარაკე“, მთელი გზა, ზედაც რომ არ უყურო გიყურებს და ტვინს გიტ^ნავს.
2 ქალია კიდე, რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ თურმე ჩემთან მუშაობენ (ლოლ), ერთი - რომელიც უფრო ახალგაზრდათ გამოიყურება ისეთ ხმაზე ელაპარაკება ხოლმე გვერდითმჯდომს, რომ უკვე ვიცი მის სამეზობლოში ვისი ვისაშია :D და თუ შემთხვევით მისი ნაცნობი ვინმე ამოვიდა ხო მტრისას! ის ნაცნობი მეორე დღეს რომ ნახო ნათესავივით მოიკითხავ :D
ასეთები კიდე იმდენი შემთხვევებია, ვინც მგზავრობთ დიდ მანძილზე დილით უკვე გეცოდინებათ ალბათ :)
კიდე დაკვირვებებს ვატარებ ხოლმე. აბა რა უნდა ვაკეთო? ტელეფონი ქმარმა დამაწერა, მუსიკებს მაინც ვუსმენდი ხოლმე. ამ ნაუშნიკებს რაღას დავათრევ ჩანთით, ხომ ვერ მეტყვით? :D
ხო, და ვაკვირდები...
ტელეფონზე ლაპარაკისას, კითხვაზე - სად ხარ? - ქალების პასუხი უფრო კონკრეტულია ხოლმე ვიდრე კაცების, მაგ:, ქალები ამბობენ - მარშუტკაში. ხოლო კაცები - გზაში.
უცნაურობა მჭირს კიდე ერთი, უკუღმა არ მიყვარს ჯდომა ტრანსპორტში, მაგრამ თუ მომიწია ხალხს ვაკვირდები ხოლმე სახეზე, ნუ ძირითადად ისეთებს, ხასიათი რომ იგრძნობა და წარმოდგენაში ბავშვობის ასაკში გადამყავს. და ვფიქრობ - ნეტა ეს როგორი იქნებოდა 7 წლის ასაკში? მერე წარმოვიდგენ და მეღიმება, რა თქმა უნდა გულში.
მანქანის ნომრებიც მაქვს ამოჩემებული. თუ ფანჯარასთან ვზივარ მანქანის ნომრებს ვაკვირდები. მერე მის სერიებს ტვინში ვხარშავ და სიტყვები გამომყავს. აი მაგალითად DBL-543 - დებილი #543. :D რა ვქნა აბა, ტრანსპორტის სიშმორეს გული ხო უნდა გადავაყოლო :user:
ისე ერთი კია, თავისუფლებაზე აღარ ადის და ბარათაშვილზე უხვევს ხოლმე. ესეც შეღავათია :))
მოკლედ უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვლანძღავ აღნიშნულ ტრანსპორტს, მარა ფაქტია რომ ძალიან საჭიროა.
იქნებ მომაწოდოთ იდეები კიდე რითი გავერთო გზაში?